მეკარე კუპატაძემ რუსეთში გოლი გაიტანა, ნაკრებს კი ყირგიზეთთან მატჩში შეუერთდება #1TVSPORT
მეკარე კუპატაძემ რუსეთში გოლი გაიტანა, ნაკრებს კი ყირგიზეთთან მატჩში შეუერთდება #1TVSPORT

ზვიად კუპატაძემ ფუტსალში რუსეთის თასის 1/4 ფინალში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გარდა იმისა, რომ გუნდის კარი საიმედოდ დაიცვა და მატჩის სეივი შეასრულა, მეტოქის კარის აღებაც შეძლო.

საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდი, თასის მოქმედი მფლობელი „გაზპრომ-იუგრა“ მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ბესიკ ზოიძის გაწვრთნილ კპრფ-ს შეხვდა. ფრედ დასრულებული (2:2) პირველი მატჩის შემდეგ კუპატაძის გუნდმა მეტოქე 7:2 დაამარცხა და რუსეთის თასის ფინალური ოთხეულის პირველი მონაწილე გახდა. კუპატაძემ მეტოქეს გოლი ბოლო, 50-ე წუთზე გაუტანა – რუსეთში ფუტსალს 20-ის ნაცვლად, 25 წუთი თამაშობენ.

ბესიკ ზოიძემ მეტოქის უპირატესობა აღიარა: „საკადრო პრობლემების ან სხვა რამის მხრივ საწუწუნი არ გვაქვს. ჩვენ სრულად მოვემზადეთ. ასეთ მატჩებში მეტოქეზე მენტალურად ძლიერი უნდა იყო, მაგრამ „გაზპრომ-იუგრა“ ხასიათით ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა“.

კომენტარი გააკეთა ზვიად კუპატაძემაც: „შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, შვიდი გოლი გავიტანეთ და საუკეთესოდ ვითამაშეთ. ეს მატჩი ჩვენთვის მთელი სეზონის თამაშივით იყო, რადგან ჩემპიონატში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე ვართ და ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს ჩვენთვის კარგი იქნებოდა – უფრო გავბრაზდით. დღეს ბიჭებმა აჩვენეს თამაში, რომლიც შეგვიძლია. ბოლო 5 სეზონი ან ფინალში ვითამაშეთ ან მოვიგეთ, ეს ჩვენი ტურნირია“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თასზე ზვიად კუპატაძემ უკვე 5 გოლი გაიტანა, ხოლო რუსეთის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 24 გოლია.

ზვიად კუპატაძემ ამ მატჩების გამო 16 და 18 დეკემბერს სერბეთთან საქართველოს ნაკრების შეხვედრები (1:1, 4:3) გამოტოვა, მაგრამ მალე გუნდს შეუერთდება და 21 და 22 დეკემბერს ყირგიზეთთან ითამაშებს.