მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„ჩვენს მეგობარს, მეზობელსა და მჭიდრო პარტნიორს – საქართველოს, ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას რეგიონში! გაუმარჯოს ქართულ-თურქულ მეგობრობას!“, – წერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი სტრატეგიული კავშირების შემდგომ გაძლიერებას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიმართვაში.

„გულთბილად ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ ხანგრძლივ მეგობრობას“, – წერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„საქართველო, გილოცავთ 104-ე დამოუკიდებლობის დღეს! სლოვენია ზეიმობს თქვენთან ერთად და გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“, – აღნიშნულია სლოვენიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

„ტვიტერზე“ ულოცავს საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც: „ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“.

აღსანიშნავია, რომ მისალოც მიმართვებს ავრცელებენ რუმინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ალბანეთის, ირანის, სამხრეთ აფრიკის, ბაჰრეინის, პაკისტანის, გვატემალის, შრი-ლანკისა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც.

გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავენ კოლეგებიც.