მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის პარალელურად, ლონდონში მონარქიის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა
მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის პარალელურად, ლონდონში მონარქიის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა

მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის პარალელურად, ლონდონში მონარქიის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა.

ანტიმონარქიული მოძრაობა „რესპუბლიკის“ წევრები ტრაფალგარის მოედანზე გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის კორონაციის ცერემონიალის დაწყებამდე შეიკრიბნენ.

„ის ჩვენი მეფე არ არის“, – სკანდირებდნენ აქტივისტები. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით – „ეს ქვეყანა ჩვენია“, ასევე დიდი ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის ფოტოები, წარწერით „ჩვენი გულების პრინცესა“.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მეფე ჩარლზის კორონაციის დაწყებამდე პოლიციამ მონარქიის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

ანტიმონარქიული მოძრაობა „რესპუბლიკა“ 1983 წელს დაფუძნდა და მისი მოძრაობის წევრები მონარქიის გაუქმებას ითხოვენ. მათი მოსაზრებით, მონარქიაზე ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხა იხარჯება, რაც, მათი აზრით, გაფლანგული ფულია.