მედიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
მედიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ ერთობლივი წერილით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

„მოგმართავთ ჟურნალისტები, რომელთა 53 კოლეგას 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ ღიად პრორუსული, აგრესიული ჯგუფები. ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია, ვართ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის და დისკრედიტაციის ობიექტები.

დღეს თქვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებაზე. დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად სიძულვილის ენით საუბრობს, აღვივებს ზიზღს და ქადაგებს შეუწყნარებლობას. დღეს თქვენ „ქართული ოცნების“ დემოკრატიულ მიღწევებზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წლებია, მფარველობს და ასაზრდოებს მოძალადე ჯგუფებს და იყენებს მათ განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. ისე, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა, როდესაც მის მიერ წახალისებულმა ძალადობამ აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია და ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ნამდვილ სადამსჯელო ღონისძიებად იქცა.

დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს. რაც მთავარია, თქვენ დღეს დემოკრატიაზე გესაუბრებათ კაცი, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ამ ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე. დღეს თქვენ გესაუბრებათ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი და კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსიდან გადაუხვია და ბელარუსის გზას დაადგა. ვინც 5 და 6 ივლისს საშუალება მისცა მოძალადე ჯგუფებს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოეხიათ და დაეწვათ. დროშის დაწვა კი საგარეო კურსის ცვლილების სიმბოლურ გზავნილად ექცია. დღეს თქვენ გესაუბრებათ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელმაც არა ერთხელ სცადა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმით. რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით ცინიკურად და უხეშად დაარღვია თქვენი მედიაციით შექმნილი დოკუმენტიც. უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრია – საფრთხის ქვეშაა უკლებლივ ყველა ჟურნალისტისა და მოქალაქის სიცოცხლე, ისევე როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი“, – ნათქვამია წერილში.