მედიის ინფორმაციით, უკრაინის რივნეს ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა
მედიის ინფორმაციით, უკრაინის რივნეს ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა

უკრაინის რივნეს ოლქში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. დაღუპულებს შორის 24 მგზავრია, ორი კი მიკროავტობუსისა და ავტობუსის მძღოლები არიან.

არსებული ცნობებით, ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული სამი ადამიანის ვინაობა.

როგორც მედია იუწყება, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი გასწრების დროს საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადავიდა, სადაც ბენზინმზიდს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ბენზინმზიდი საპირისპიროდ მიმავალ ავტობუსს შეეჯახა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძრის გამო სამი ავტომობილი დაიწვა.

მედია წერს, რომ ავტობუსი პოლონეთისკენ მიემგზავრებოდა და მასში 34 მგზავრი და ერთი მძღოლი იმყოფებოდნენ.