მედიის ინფორმაციით, უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა
მედიის ინფორმაციით, უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა.

მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა გასცა.

მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 7 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 40 ათასზე მეტი მოქალაქე. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.