მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები გამართა
მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები გამართა

ტაჯიკეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები გამართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტაჯიკეთმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონში, საკუთარი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები გამართა. 100 ათას რეგულარულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, სამსაათიან წვრთნებში 130 ათასი რეზერვისტიც მონაწილეობდა.

წვრთნებში 1000-ზე მეტი სამხედრო მანქანა, ასობით საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი, ასევე ათობით თვითმფრინავი და ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონის განცხადებით, რეგიონში არასტაბილური ვითარების გამო, ტაჯიკეთი მზად უნდა იყოს ქვეყანაში დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული მშვიდობისა და სტაბიულურობის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა ტაჯიკეთი, რუსეთი და ყირგიზეთი თვის ბოლოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ ავღანეთის საზღვრიდან 20 კილომეტრის მოშორებით. სამხედრო წვრთნების გამართვა, ავღანეთში დაჯგუფება „თალიბანის“ გააქტიურებით არის გამოწვეული, რომელმაც ქვეყნის მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტებზე დამყარა კონტროლი. „თალიბანის“ სამხედრო წარმატების გამო, ასობით ავღანელმა ჯარისკაცმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია და მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის ტაჯიკეთშიც გადავიდნენ. აღნიშნულის გამო, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ რეგულარულ ჯართან ერთად, ავღანეთის საზღვართან 20 ათასი რეზერვისტის მობილიზებაც მოახდინა.