მედიის ინფორმაციით, სირიაში ქურთი პოლიტიკოსი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, სირიაში ქურთი პოლიტიკოსი მოკლეს

სირიის ქალაქ ქამიშლიში ქურთი პოლიტიკოსი და ქალთა უფლებადამცველი ჰარვინ ხალაფი მოკლეს. ქურთული სააგენტო „რუდავის“ ინფორმაციით, „სირიის მომავლის პარტიის“ გენერალური მდივნის ავტომობილს ქამიშლის ერთ-ერთ ქუჩაზე თურქეთის მომხრე დაქირავებული მებრძოლები დაესხნენ თავს.

„სირიის დემოკრატიული საბჭოს“ ინფორმაციით, ქურთი პოლიტიკოსი ქალი მებრძოლებმა ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ქამიშლი-მანბიჯის ავტომაგისტრალზე მოკლეს. ასევე მოკლეს პოლიტიკოსის მძღოლიც.

სამხედრო დაჯგუფება „სირიის დემოკრატიული ძალების“ პოლიტიკური ფრთა, „სირიის დემოკრატიული საბჭო“ ჰარვინ ხალაფის მკვლელობაში თურქეთს ადანაშაულებს. პარალელურად, სირიელი ქურთების საინფორმაციო სააგენტო „ანჰა“ წერს, რომ ჰარვინ ხალაფის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ეკისრებათ.

„სირიის მომავლის პარტია“ 2018 წლის მარტში დაფუძნდა, დამფუძნებელი კონგრესი კი ქალაქ რაქაში ჩატარდა. ქურთი პოლიტიკოსი ქალი ადგილობრივ ადმინისტრაციაში ქალთა უფლებების გაზრდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.