მედიის ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან კვლავ რჩებიან
მედიის ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან კვლავ რჩებიან

გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით და „ვოლ სთრით ჟურნალი“ ნატო-ს წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო ძალების უმეტესობა, რომელთა უკანდახევა 22 აპრილს დაიწყო, კვლავ უკრაინის საზღვრებთანაა მობილიზებული.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ წყაროების თანახმად, საზღვრის სიახლოვეს დარჩენილ სამხედროთა რაოდენობა 80 000-მდეა. ადგილზე რჩება სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც.

ცნობილია, რომ მუდმივი განლაგების ადგილებში რუსული ჯარების დაბრუნების ბოლო თარიღი პირველი მაისი იყო.

„ვოლ სთრით ჟურნალი“ წერს, რომ ამ თემაზე მათ რუსეთის თავდაცვის უწყებისგან კომენტარი მოითხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გვიან ღამით კიევში ჩაფრინდა, რათა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.