მედიის ინფორმაციით, ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული ქალის გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე სამი ადამიანი დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული ქალის გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე სამი ადამიანი დაიღუპა

ირანში, ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ფრანს 24“-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აქციის დროს სამი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს რეგიონის გამგებელი ადასტურებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. საპროტესტო აქცია გაიმართა თეირანშიც.

გაერო ოფიციალურ თეირანს მოუწოდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს, მომხდართან დაკავშირებით კი, ობიექტური გამოძიება დაიწყოს.

მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ამინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რასაც გარდაცვლილის მამა უარყოფს. ის აცხადებს, რომ მის შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 500 ადამიანი.