კვლევის მიხედვით, გლობალური ეკოლოგიური საფრთხეების გამო, 2050 წლისთვის საცხოვრებელი ადგილის დატოვება მილიარდზე მეტ ადამიანს მოუწევს
გლობალური ეკოლოგიური საფრთხეების გამო, 2050 წლისთვის საცხოვრებელი ადგილის დატოვება მილიარდზე მეტ ადამიანს მოუწევს, – ნათქვამია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის კვლევაში, რომლის შესახებაც ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ, საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტმა, სტიქიურმა უბედურებებმა 2050 წლისთვის საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლოა, 1.2 მილიარდ ადამიანს აიძულოს. საუბარია ძირითადად ისეთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, როგორებიცაა სუბ-საჰარის აფრიკა, ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი. კვლევის ავტორების პროგნოზით, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდამდე გაიზრდება. ანგარიშის თანახმად, ეკოლოგიური ფაქტორებისა და კონფლიქტების გამო, 2019 წელს საცხოვრებელი ადგილი 30 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
„ამას ექნება უზარმაზარი სოციალური და პოლიტიკური შედეგები არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც, რადგან მოსახლეობის მასობრივი იძულებითი გადაადგილება განვითარებულ ქვეყნებში უფრო დიდ ლტოლვილთა ნაკადს გამოიწვევს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის დამფუძნებელმა სტივ კილელეამ. ორგანიზაციის მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად, მსოფლიოში მტკნარი წყლის 60 პროცენტით ნაკლებია ხელმისაწვდომი, ვიდრე 50 წლის წინ იყო. ამასთან, მეცნიერთა პროგნოზით, მომავალი 30 წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა 50 პროცენტით გაიზრდება. სურსათისა და წყლის ხელმისაწვდომობის ფაქტორებს ემატება ბუნებრივი კატაკლიზმებიც, რომელთა სიხშირე სავარაუდოდ, კლიმატური ცვლილებების ფონზე მოიმატებს.