მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ ქვეყნის პრემიერის წინააღმდეგ ბრალის წარდგინების რეკომენდაციით პროკურატურას მიმართა
მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ ქვეყნის პრემიერის წინააღმდეგ ბრალის წარდგინების რეკომენდაციით პროკურატურას მიმართა

ჩეხეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მიმართ ბრალის წარდგინების რეკომენდაციით პრაღის პროკურატურას მიმართა.

ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ აქვეყნებს.

საქმე ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სუბსიდირების თაღლითობით მითვისებას ეხება. პრაღის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ჩეხეთის პოლიციისგან ორი მილიონი აშშ დოლარის მითვისების საქმეში პრემიერის მონაწილეობის შესახებ განახლებული მასალები მიიღო.

ახლა პროკურატურის გადასაწყვეტია, წარუდგენენ თუ არა ბრალს პრემიერს.

პოლიციამ პრემიერის მიმართ ბრალის წარდგინების რეკომენდაციით პროკურატურას ორი წლის წინაც მიმართა, თუმცა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, პაველ ზემანმა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმის გაუქმება მოითხოვა.

საქმე ეხება ფერმას, რომელმაც ევროკავშირისგან სუბსიდიები მას შემდეგ მიიღო, რაც ბაბიშის მფლობელობაში არსებული კონგლომერატ „აგროფერტიდან“ ბაბიშის ოჯახის წევრების მფლობელობაში გადავიდა. სუბსიდიები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იყო განკუთვნილი და კონგლომერატს მათი მიღების უფლება არ ჰქონდა.

მოგვიანებით ფერმა კვლავ „აგროფერტის“ მფლობელობაში გადავიდა. თავად პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაბიშს ინტერესთა კონფლიქტი აქვს ევროკავშირის სუბსიდიების გამო, რომლებიც მის ყოფილ ბიზნესიმპერიასთან არის დაკავშირებული.