მედიის ინფორმაციით, აშშ-ში განიხილავენ, შეიყვანონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორების სიაში
მედიის ინფორმაციით, აშშ-ში განიხილავენ, შეიყვანონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორების სიაში

აშშ-ში განიხილავენ, შეიყვანონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორების სიაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ შესაბამისი კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში განიხილეს.

კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 90 დღის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს, შეიყვანონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორების სიაში. კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი კორი გარდნერია.

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე ის თავად საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა, შემდეგ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს, ბოლოს კი მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. ამჟამად ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და სუდანი არიან.