მედიის ინფორმაციით, აშშ-მ კიდევ ერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩაატარა საიდუმლო ოპერაცია
მედიის ინფორმაციით, აშშ-მ კიდევ ერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩაატარა საიდუმლო ოპერაცია

აშშ-მა გასულ კვირას კიდევ ერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაცია ჩაატარა, თუმცა ის წარუმატებელი აღმოჩნდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ოპერაცია იემენში იმავე დღეს ჩატარდა, როდესაც აშშ-ის დარტყმას ერაყში ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის სამიზნე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფის „ალ-ქუდსის“ ერთ-ერთი მეთაური აბდულ რეზა შაჰლაი იყო.

აშშ-ის მთავრობა აბდულ რეზა შაჰლაის ამერიკელებსა და აშშ-ის მოკავშირეებზე არაერთ თავდასხმაში ადანაშაულებს, მათ შორის ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების წევრთა მკვლელობაში. სახაზინო დეპარტამენტს შაჰლაის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ შაჰლაი იყო 2011 წელს აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მცდელობის კოორდინატორი.