მედიის ცნობით, წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას რამდენიმე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი გეგმავს
წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას რამდენიმე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კერძოდ, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერას გეგმავს „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი, ყოფილი „რესპუბლიკელი“ ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილი.
„არ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მისი თანამდებობისა და ფიცისადმი ამაზე დიდი ღალატი“, – ნათქვამია ლიზ ჩეინის განცხადებაში.
6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმზე საუბრისას კონგრესმენმა აღნიშნა, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა შეკრიბა ბანდიტები და გააღვივა კაპიტოლიუმზე თავდასხმის ცეცხლი.
იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას ასევე გეგმავენ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრები, ჯონ კატკო და ადამ კინზინგერი.
კიდევ ერთი „რესპუბლიკელი“, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმის მიცემას აპირებს, ფრედ აპტონია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ წარადგინეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია, რომლისთვისაც კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი. ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ.