მედიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის განაცხადის ევროპული საბჭოსთვის წარდგენას ზაფხულში აპირებს
აქ იწყება თქვენი გზა ევროკავშირისკენ; ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში; ეს, როგორც წესია, არა წლების, არამედ კვირების საკითხი იქნება, – განუცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების თაობაზე კითხვარის გადაცემისას. დოკუმენტი ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გადასცა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ აპირებს, „ამ ზაფხულს წარუდგინოს უკრაინის განაცხადი ევროპულ საბჭოს“.
ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა პირად ტელეგრამარხზე დაწერა: „ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე უკრაინის განაცხადი ევროპულ საბჭოს ამ ზაფხულს წარედგინება“, – აღნიშნა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ პროცესის დასაჩქარებლად.
მედიის ცნობით, კითხვარზე პასუხების განხილვას შეიძლება, რამდენიმე თვე დასჭირდეს. შემდეგ ევროპული საბჭო აღიარებს სახელმწიფოს კანდიდატად და იღებს გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. შემდეგი ნაბიჯი არის მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმების პუნქტებზე. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭო კონსენსუსის საფუძველზე ეთანხმება სახელმწიფოს ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანებას, დგინდება შესვლის თარიღი და ტარდება ყველა საჭირო სამართლებრივი პროცედურა. შესაბამისად, კანდიდატი ხდება უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა.