მედიის ცნობით, უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებები დილით შედგება
უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დაგეგმილი უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებები დილით შედგება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მოგვიანებით დაიწყებოდა, რადგან უკრაინის დელეგაციას ბელარუსის საზღვრამდე მისასვლელად უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მას მარშრუტის შეცვლა მოუწია.
არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის წარმომადგენლები.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში განაცხადეს, რომ უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინული დელეგაცია რუსულს საზღვარზე, მდინარე პრიპიტის რაიონში შეხვდება.
„შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ, რათა შემდგომ უკრაინის არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს ეჭვი, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ შევეცადე ომის შეჩერებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.