მედიის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები ვიდეოკავშირის გამოყენებით გრძელდება
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები, რომელიც მანამდე ბელარუსში შეხვედრების ფორმატში იმართებოდა, ვიდეოკავშირის გამოყენებით გრძელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინული დელეგაციის წევრმა, მიხაილო პოდოლიაკმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურეს.
„დიახ, მოლაპარაკებები გრძელდება ვიდეო ფორმატში. დელეგაციას კვლავ ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დეტალებზე კომენტარისგან ამ დროისთვის თავს ვიკავებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამგვარი მოლაპარაკებები მოხსენიებული იყო 12 მარტს კრემლის ვებგვერდზე.
„უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინული მხარე რუსებთან განიხილავს ჰუმანიტარული დერეფნების გაფართოებას, პირველ რიგში მარიუპოლიდან.
გარდა ამისა, გავრცელებული ცნობები „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაადასტურა მიხაილო პოდოლიაკმაც, რომლის თქმით, მოლაპარაკებები უწყვეტ ვიდეოფორმატში გრძელდება.
„რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში უწყვეტად გრძელდება. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფები. უკრაინის პოზიციები განპირობებულია მკაცრი წინარე დირექტივებით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.