მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლზე დარტყმები განახორციელეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა აეროდრომის სიახლოვეს, თუმცა ამის დადასტურება ვერ მოხერხდა.
შემდეგ რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მელიტოპოლში დარტყმები მიიტანეს სარკინიგზო დეპოზე. მათივე მტკიცებით, შედეგად არის ნგრევა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ასევე, საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა ცნობა, რომ დეპოში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ქალაქსა და მიმდებარე დასახლებების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.