მედიის ცნობით, უკრაინის რამდენიმე რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის
მედიის ცნობით, უკრაინის რამდენიმე რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, კოროვოგრადის, ვოლინსკის და ხმელნიცკის ოლქებში. ყველა ჩამოთვლილ რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ.

ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა იერიში განახორციელეს ნიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკზე. უკრაინის გვარდიის ინფორმაცით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მშვიდობიანი მოქალაქეები კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ხერსონის ოლქში უკან დახევა დაიწყო, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქონ.