მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის იერიშების შედეგად ბოლო დღე-ღამეში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის იერიშების შედეგად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაშავებულია 16 მოქალაქე.
უკრიანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარმა უკრიანის რვა ოლქი დაბომბა.
აღდგომის ღამეს ოკუპანტებმა მასირებული იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზე. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ცნობით, ერთ-ერთ დასახლებაში დაზიანებულია ეკლესია, რომელშიც მსახურება არ ტარდებოდა.
„არაფერი წმინდა, ქრისტეს აღდომის ღამითაც კი. მტერმა მასირებული თავდასხმა განახორციელა. მტერი განაგრძობს ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშს, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და თქვენს ახლობლებს“, – ამბობს მალაშკო.
მედიის ცნობით, აღდგომის ღამეს ორი მოზარდი ემსხვერპლა რუსი სამხედროების მიერ ნიკოლაევის ოლქის დასახლებების დაბომბვას. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, მტრის სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა.
როგორც უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით იუწყება, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ფრონტზე მტრის 60 თავდასხმა მოიგერიეს და ჩამოაგდეს რუსეთის ძალების კუთვნილი „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, აგრესორის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებით შეტევებზეა კონცენტრირებული. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩებიან.