მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა შუამავლობის ტაძართან, სადაც მღვდლებმა უკრაინელი სამხედრო სცემეს, აქციაზე დაპირისპირება მოხდა
უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა შუამავლობის საკათედრო ტაძართან, სადაც მღვდლებმა უკრაინელი სამხედრო სცემეს, საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ინციდენტის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ყვიროდნენ „ძირს მოსკოვის მღვდელი“ და „დიდება უკრაინას!“ ამასთან, ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხალხში შეტაკება და ჩხუბი იყო. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხმელნიცკის წმინდა შუამავლობის საკათედრო ტაძარი, სადაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა უკრაინელ სამხედროს სცემეს, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუერთდება. ეს გადაწყვეტილება შეხვედრაზე მიიღეს. ტაძრის გასაღები უკვე გადაეცა სარევიზიო კომისიას, რომელიც ადგილობრივებმა 2 აპრილს გამართულ სხდომაზე აირჩიეს.
კომისიის წევრები, ჟურნალისტები და ტაძრის წინა მდივანი ალექსანდრე რიბჩინსკი ტაძარში ქონების აღწერისთვის შეუშვეს. ეკლესია დროებით დაკეტილია.