მედიის ცნობით, რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში მობილიზაციის წინააღმდეგ ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულია 20 დემონსტრანტი
მედიის ცნობით, რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში მობილიზაციის წინააღმდეგ ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულია 20 დემონსტრანტი

რუსეთში, ტუვის რესპუბლიკაში მობილიზაციის წინააღმდეგ ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულია 20 დემონსტრანტი. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.

საპროტესტო აქცია რესპუბლიკის დედაქალაქ კიზილში გაიმართა. როგორც მედია წერს, დემონსტრაცია მრავალრიცხოვანი არ ყოფილა, მასში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ადგილზე აქციის მონაწილეებზე მეტი პოლიციელი იყო.

„არა მობილიზაციას“, – სკანდირებდნენ ქალები. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა კი სამართალდამცველებს მოუწოდა, თავად წასულიყვნენ ომის წინა ხაზზე.

ამასთან, დღეს ტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ წინა დღეებში ქალებმა მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები გამართეს დაღესტანსა და იაკუტიაში. დაღესტანის დედაქალაქ მაყაჭყალაში საპროტეტსო გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებით და მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში საომრად წასასვლელად ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.