მედიის ცნობით, თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთული ჯგუფის 20 ობიექტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა
მედიის ცნობით, თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთული ჯგუფის 20 ობიექტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთული ჯგუფების 20 ობიექტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას „ანადოლუ“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ თურქეთის სამხედროებმა საჰაერო თავდასხმები განახორციელეს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბაზებზე, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

„ავიაიერიშების შედეგად განადგურდა სულ 20 ობიექტი, რომელიც შედგებოდა გამოქვაბულებისგან, თავშესაფრებისგან, ბუნკერებისა და საწყობებისგან, რომლებსაც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია იყენებდა. ამ ობიექტებზე, სავარაუდოდ, იმალებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მაღალი რანგის წევრები“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანკარაში შსს-ს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს. ქურთი მებრძოლების განცხადებაში, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, აღნიშნულია, რომ თავდასხმა „უკვდავთა ბრიგადასთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა განახორციელეს.