მედიის ცნობით, სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ პრეზიდენტს შეხვდებიან, შემდეგ კი აქციას გამართავენ
მედიის ცნობით, სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ პრეზიდენტს შეხვდებიან, შემდეგ კი აქციას გამართავენ

სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდებიან, შემდეგ კი საპროტესტო აქციას გამართავენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა არ მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განკარგულებას, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური, ონიკ გასპარიანის გათავისუფლებას ითხოვდა.

სომხური მედიის ცნობით, კონსტიტუცია ავალდებულებს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის განკარგულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამი დღის ვადაში მიიღოს. ეს ვადა ხვალ, 3 მარტს იწურება.

ამასთან ერთად, ოპოზიციამ მომხრეებს მოუწოდებს ხვალ, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. ოპოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადადგომა მოითხოვა.