საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, დატბორილია სახლები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ზარალი მილიონობით ევროს აღწევს [ვიდეო]

საბერძნეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ევროს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ექვსი ადამიანი დაიღუპა. დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სამჯერ აღემატება 2020 წლის წყალდიდობას, რა დროსაც მიყენებული ზარალის ოდენობა 700 მილიონ ევროს შეადგენდა.

ამ დრომდე გრძელდება სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები სტიქიის შემდეგად დაზარალებულ რეგიონებში. დატბორილი დასახლებების ნაწილში წყლის სიმაღლე ორ მეტრს აღწევს. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 1800 ადამიანი გამოიყვანეს.