მედიის ცნობით, რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ვლადივოსტოკში იაპონიის კონსულის დაკავების გამო, რუსეთის ელჩი მიხაილ გალუზინი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შესაბამის ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსულის დაკავება და დაკითხვა საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის აშკარა დარღვევაა. საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში ამბობს, რომ კონსულის დაკავება უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება იყო, რადგან მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა იაპონელი დიპლომატის, ვლადივოსტოკში იაპონიის გენერალური კონსულის ტაჩუნორი მოტოკის დაკავების შესახებ ორშაბათს განაცხადა. რუსული სპეცსამსახურები კონსულს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ, დიპლომატი გაათავისუფლეს. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და რუსეთის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცეს.