მედიის ცნობით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულმა ჯორჯე სიმიონმა პოლონეთში ვიზიტისას პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, კაროლ ნავროცკის მხარი საჯაროდ დაუჭირა

01:56, 14.05.2025

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულმა ჯორჯე სიმიონმა პოლონეთში ვიზიტისას მხარი დაუჭირა პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, კაროლ ნავროცკის, – ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

პოლონეთში გამართულ ღონისძიებაზე სიმიონმა პოლონელ ხალხს ნავროცკისთვის ხმის მიცემისკენ ღიად მოუწოდა.

„რუმინეთის მომავალი პრეზიდენტი, პოლონეთის მომავალი პრეზიდენტი“, – განაცხადა ნავროცკიმ სიმიონთან მისალმებისას.

ამასთან, სიმიონმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის აუცილებლობას.

რუმინელი პოლიტიკოსის ვიზიტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა.

„რუსეთი ბედნიერია. ნავროცკი და მისი პრორუსი რუმინელი კოლეგა ჯორჯე სიმიონი ერთ სცენაზე პოლონეთსა და რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე. ყველაფერი ნათელია“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ ტუსკის საპასუხოდ ჯორჯე სიმიონმა გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომელზეც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინთან ერთად არის.

„ამ ფოტოზე ხედავთ პუტინს პოლონეთში. ამის შესახებ მთელმა ევროპამ იცის. აღარავის სჯერა შენი ტყუილებისა და თვალთმაქცობის, დონალდ“, – აღნიშნა სიმიონმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კაროლ ნავროცკი, რომელსაც პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ მხარდაჭერა აქვს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეხვდა.

ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

მსგავსი