მედიის ცნობით, რადიკალმა ისლამისტებმა მოზამბიკის ქალაქი პალმა დაიკავეს, ქვეყნის უსაფრთხოების ძალები სპეცოპერაციას ატარებენ
რადიკალმა ისლამისტებმა მოზამბიკის ქალაქი პალმა დაიკავეს. მოზამბიკის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის დასაბრუნებლად უსაფრთხოების ძალები სპეცოპერაციას ატარებენ.
კარგად შეიარაღებული ისლამისტური დაჯგუფებები ქვეყნის არმიის ყაზარმებსა და სამთავრობო შენობებს დაესხნენ თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რადიკალმა ისლამისტებმა ქალაქში ბევრი ადამიანი მოკლეს.
ქალაქ პალმასა და მის შემოგარენში 50 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქალაქიდან ნავებით ქვეყნის სამხრეთში და მეზობელ ტანზანიაში გაიქცა.
მოზამბიკში ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება „ანსარ ალ-სუნა“ მოქმედებს, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული.