მედიის ცნობით, პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში სროლას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

01:16, 11.10.2026

პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში, საცხოვრებელ უბანში მომხდარ სროლას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობითვე, დაღუპულია სავარაუდო თავდამსხმელიც.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვი და ერთი ორსული ქალია.

როგორც მედია წერს, ხელისუფლება მომხდარის შესახებ ბევრ დეტალს არ ასაჯაროებს. ცნობილია, რომ პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. შეტყობინება მათ ShotSpotter-ის სისტემის მეშვეობით მიიღეს. ეს სისტემა, რომლის გამოყენებაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ხელოვნურ ინტელექტსა და მიკროფონების ქსელს იყენებს გასროლის ხმების ამოსაცნობად.

ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრავე ადამიანი პოლიციის მისვლამდე დაიღუპა, ხოლო სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ გასროლა აღარ მომხდარა.

„როიტერის“ ინფორმაციით, პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა, ჯოშ შაპირომ მომხდარს „ტრაგიკული მასობრივი სროლა“ უწოდა.

მსგავსი