მედიის ცნობით, პალესტინური დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრი ხადერ ადნანი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა
მედიის ცნობით, პალესტინური დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრი ხადერ ადნანი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

პალესტინური დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრი ხადერ ადნანი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა. მას ტერორიზმის მხადაჭერაში და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ედებოდა ბრალი.

ადნანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ციხის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ადნანი უარს აცხადებდა სამედიცინო შემოწმებაზე, ასევე მკურნალობაზე და სამშაბათს დილით თავის საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

გარდაცვლილის ადვოკატი ისრაელის ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს.

„ადნანის დაკავებიდან 36 დღის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მას ექიმები სათანადოდ დააკვირდებოდნენ. სამწუხაროდ, ისრაელის ციხის ხელმძღვანელობამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“, – განაცხადა ადნანის ადვოკატმა, ჯამილ ალ-ხატიბმა.

„ისლამური ჯიჰადის“ წევრის გარდაცვალების გამოცხადებიდან მალევე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალების ცნობით, რაკეტები დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა.

„ჩვენი ბრძოლა გრძელდება და მტერი კიდევ ერთხელ გააცნობიერებს, რომ დანაშაული პასუხის გარეშე არ ჩაივლის. ჩვენი წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა საშუალებით და სიმტკიცით“, – ნათქვამია „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

45 წლის ხადერ ადნანი „ისლამური ჯიხადის“ ცნობილი ფიგურა იყო. დაჯგუფება პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის. პალესტინელ პატიმართა ასოციაციის ცნობით, ადნანი ისრაელის მიერ 12-ჯერ იყო დაკავებული. მან ციხეში დაახლოებით რვა წელი გაატარა. 2004 წლიდან პატიმრობაში ყოფნის სხვადასხვა პერიოდში მას, სულ მცირე, ხუთჯერ ჰქონდა შიმშილობა გამოცხადებული.