მედიის ცნობით, ორი რაკეტა ჩამოვარდა ერაყში სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან
ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, ორი რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ინციდენტი ბაღდადიდან 80 კილომეტრში განლაგებულ ბალადის სამხედრო საჰაერო ბაზაზე მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამავე დროს, ვრცელდება ცნობა, რომ ბაღდადის სხვა ნაწილში ნაღმმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცავების ცნობით, ინციდენტი ჯადრიას უბანში მოხდა.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. არაბული მედია წერს, რომ ორი რაკეტა ე.წ. მწვანე ზონაში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს ჩამოვარდა. შედეგად საავტომობილო გზა ბლოკირებულია.