მედიის ცნობით, ნიდერლანდების პოლიცია ვარაუდობს, რომ დისიდენტებზე დასაკვირვებლად, ჩინეთმა ორი არალეგალური პოლიციის განყოფილება შექმნა, რასაც ჩინეთის მთავრობა უარყოფს
მედიის ცნობით, ნიდერლანდების პოლიცია ვარაუდობს, რომ დისიდენტებზე დასაკვირვებლად, ჩინეთმა ორი არალეგალური პოლიციის განყოფილება შექმნა, რასაც ჩინეთის მთავრობა უარყოფს

ნიდერლანდების პოლიცია ეჭვობს, რომ დისიდენტებზე დასაკვირვებლად, ჩინეთმა ქვეყანაში ორი არალეგალური პოლიციის განყოფილება შექმნა.

მედიის ცნობით, 2018 წლიდან ამსტერდამსა და როტერდამში ორი ჩინური „პოსტი“ ფუნქციონირებს. მედიის ცნობით, ე.წ. პოლიციური განყოფილებები სავარაუდოდ აცხადებენ, რომ დიპლომატიურ დახმარებას სთავაზობენ ჩინეთის მოქალაქეებს, მაგრამ ისინი არ არიან რეგისტრირებული ნიდერლანდების მთავრობის მიერ.

ნიდერლანდების პოლიცია ვარაუდობს, რომ ჩინური დაწესებულებები საზღვარგარეთ პოლიტიკურ ოპონენტებს და დისიდენტებს აკვირდებიან და ანეიტრალებენ, რისთვისაც ყოფილ სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებს იყენებენ.

ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინფორმაცია სრულად მცდარია.

„იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცნობად მიიღეს მოხსენებები და ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ საკითხს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად იძიებს ე.წ. პოლიციის განყოფილებების საქმიანობას. როცა ამ საკითხში მეტი სიცხადე გვექნება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაქსიმ ჰოვენკამპმა.

სექტემბერში ესპანურმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „სეიფგარდ დეფენდერმა“ განაცხადა, რომ ევროპაში სულ მცირე 36 ჩინური „პოლიციური განყოფილება“ შეიქმნა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა აღნიშნა, რომ „სადგურები“ ეხმარებიან ჩინეთის მოქალაქეებს მართვის მოწმობების განახლებაში ან სამოქალაქო სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.