მედიის ცნობით, კრემლი ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს
„ბიბისის“ ცნობით, კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის, მას არავითარი შეხება რა აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეა“. ამასთან, როგორც პესკოვი აღნიშნავს, მათ არ იციან, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს ასეთი გაცვლა.
ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. უკრაინელ ტყვეებში მისი გაცვლის ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა.
ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის გენერალური პროკურატურა სახელმწიფო ღალატსა და ტერორორისტულ ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში სდებს ბრალს. მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან გაქცევა მოახერხა.