მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობაზე ვიდეოკავშირის გამოყენებით ისაუბრებენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი სამშაბათს ვიდეოკავშირის გამოყენებით უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ბაიდენს სურს, განიხილოს ოფიციალური ვაშინგტონის შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის თაობაზე, აგრეთვე ისაუბროს სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერ და რეგიონული თემების შესახებ.
„ჩვენ დიდი ხანია, ვიცით რუსეთის ქმედებების შესახებ და მაქვს მოლოდინი, რომ პუტინთან ხანგრძლივი დისკუსია გვექნება“, – განაცხადა ბაიდენმა პარასკევს.
საპასუხოდ, კრემლის ინფორმაციით, მხარეები ორმხრივ კავშირებზე და ივნისში ჟენევის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე ისაუბრებენ.