მედიის ცნობით, იტალიის ქალაქ ბარდონეკიაში სტიქიის შედეგად დაზიანდა ხიდები, ტალახით დაიფარა შენობები, გზები, ავტომობილები, დაშავებულია ერთი ადამიანი

საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარე იტალიის ქალაქი ბარდონეკია მოულოდნელად ტალახმა დაფარა. როგორც იტალიური სააგენტო „ანსა“ იუწყება, მომხდარის მიზეზი მაღალმთიან რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გახდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, კიდევ ხუთი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მაშველებმა მათი პოვნა შეძლეს. იტალიური მედია წერს, რომ მოულოდნელი სტიქიის გამო ტალახით დაიფარა შენობები, გზები, ავტომობილები, დაზიანდა ხიდები. 120 ადამიანს ღამის გათენება დროებით თავშესაფრებში მოუწია, რადგან მათ სახლებში ტალახმა შეაღწია. დაზარალებულების ნაწილმა წითელი ჯვრის მიერ სპორტულ დარბაზში მოწყობილ თავშესაფარში გაათენა ღამე.

დაზიანებულ შენობებს შორის არის პოლიციის განყოფილება და ერთ-ერთი სასტუმრო. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და მაშველები. ქალაქში მოქმედებს საგანგებო შტაბი.