მედიის ცნობით, ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს და ფოტოები, ასევე დოკუმენტები გამოაქვეყნეს
მედიის ცნობით, ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს და ფოტოები, ასევე დოკუმენტები გამოაქვეყნეს

ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კეშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს და ფოტოები, ასევე დოკუმენტები გამოაქვეყნეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჰაკერთა ჯგუფმა, Handala Hack Team-მა საკუთარ ვებსაიტზე განაცხადა, რომ პატელი „ახლა თავის სახელს წარმატებით გატეხილ მსხვერპლთა სიაში იპოვის“.

ჰაკერებმა გამოაქვეყნეს პირადი ფოტოების სერია, სადაც პატელი სიგარებს ყნოსავს და ეწევა, ანტიკვარული კაბრიოლეტით მგზავრობს და სარკეში „რომის“ დიდი ბოთლით საკუთარ თავს ფოტოს უღებს.

ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადასტურა, რომ პატელის ელექტრონული ფოსტა ჰაკერების სამიზნე გახდა.

ბიუროს წარმომადგენელმა, ბენ უილიამსონმა განაცხადა: „ჩვენ გადავდგით ყველა საჭირო ზომა ამ აქტივობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესამცირებლად. გამოქვეყნებული მონაცემები ისტორიული ხასიათისაა, არ შეიცავს სამთავრობო ინფორმაციას“.

როგორც მედია იუწყება, პატელის ფოტოებთან ერთად, ჰაკერებმა გამოაქვეყნეს 300-ზე მეტი პირადი და სამსახურებრივი მიმოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც, როგორც ჩანს, 2010 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ჰაკერთა ჯგუფმა მანამდე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო კომპანიის, Lockheed Martin-ის ათობით თანამშრომლის პერსონალური მონაცემები გამოაქვეყნა.

Handala-ს, რომელიც პროპალესტინელი ჰაკერების ჯგუფად წარმოაჩენს თავს, დასავლელი მკვლევრები ირანის მთავრობის კიბერდაზვერვის დანაყოფების მიერ გამოყენებული რამდენიმე ფსევდონიმიდან ერთ-ერთად მიიჩნევენ.