მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა და მოჰამად ჯავად ზარიფმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს
ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერფაქს აზერბაიჯანი“ ბაქოში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
„აზერბაიჯანის ლიდერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დაძაბულობა, ასევე საკომუნიკაციო დერეფნებისა და აზერბაიჯან-ირან-სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების თემებს და ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინიციატივაზე რეგიონში ექვსი სახელმწიფოს (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, ირანი) თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.