მედიის ცნობით, ჰაიტის პოლიციამ პრეზიდენტ ჯოვენელ მოისეს მკვლელობაში ახალი ეჭვმიტანილები დაასახელა
ჰაიტის პოლიციამ პრეზიდენტ ჯოვენელ მოისეს მკვლელობის შეთქმულების ახალი ეჭვმიტანილები დაასახელა.
ქვეყნის პოლიციამ ეჭვმიტანილების დაკავების ორდერი გასცა, რომლებსაც პრეზიდენტის მკვლელობასთან სავარაუდოდ კავშირი აქვთ.
ჰაიტის პოლიციის ინფორმაციით, ძებნა გამოცხადდა ცნობილ პოლიტიკოსსა და ყოფილ სენატორ ჯონ ჯოელ ჯოზეფზე, რომელიც მანამდე მოისეს „ტეტ კალეს“ პარტიას აკრიტიკებდა.
პოლიცია ეძებს ყოფილ თანამდებობის პირს, ჯოზეფ ფელიქს ბადიოს, რომელიც ჰაიტის იუსტიციის სამინისტროში და მთავრობის ანტი-კორუფციულ განყოფილებაში მუშაობდა.
მესამე ეჭვმიტანილი ბიზნესმენი როდოლფ ჯაარია, რომელსაც ადრე აშშ-ის პროკურორებმა აშშ-ის ტერიტორიაზე სხვებთან ერთად კოკაინის გავრცელებაში დასდეს ბრალი.
დასავლური მედიის ცნობით, როდოლფ ჯაარის ადვოკატმა, 2015 წელს, სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობისთვის კონფიდენციალური წყარო იყო.
სამივე მათგანს ბრალად ედება მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და შეიარაღებული ძარცვა. ჰაიტის პრეზიდენტი ჯოვენელ მოისე, 7 ივლისს, საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს.
საქმესთან დაკავშირებით 18 კოლუმბიელი და სამი ჰაიტელია დაკავებული, რომელთაგან ორს აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. პოლიციის თანახმად, ჯგუფს სავარაუდოდ ხელმძღვანელობდა ფლორიდაში მცხოვრები ჰაიტიელი ექიმი, რომელიც ასევე დაკავებულია.