მედიის ცნობით, გერმანიის პოლიციამ ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე სატვირთო მანქანებით თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა
მედიის ცნობით, გერმანიის პოლიციამ ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე სატვირთო მანქანებით თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ქალაქ დუისბურგში ჩაატარა ოპერაცია და დააკავა 29 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე ტერაქტის მომზადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, მამაკაცი მიტინგზე ტერორისტულ თავდასხმას სატვირთო მანქანის გამოყენებით გეგმავდა. გარდა ამისა, როგორც მედია წერს, გერმანელმა სამართალდამცავებმა შეიტყვეს, რომ მამაკაცმა შეაქო ტერორისტი, რომელმაც გასულ კვირას ბრიუსელში შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა.

მედიის ცნობით, ამჟამად პოლიცია ცდილობს, გაარკვიოს, ჰყავს თუ არა დაკავებულ მამაკაცს თანამზრახველები.

ამასთან, როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, ვარაუდობენ, რომ 2013 წლის ბოლოს მამაკაცი თურქეთის გავლით სირიაში წავიდა და შეუერთდა „ისლამურ სახელმწიფოს“, რის შემდეგაც 2017 წელს გერმანიაში დაბრუნდა და მას დუსელდორფში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის მოხდის შემდეგ კი გაათავისუფლეს.