„ბლუმბერგი“ - გერმანიის ეკონომიკის მინისტრი GAZPROM Germania-ს სრულ ნაციონალიზაციას ითხოვდა, თუმცა ოლაფ შოლცი არ დათანხმდა და შეშფოთებული იყო, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა, პუტინის განრისხება გამოეწვია
„ბლუმბერგი“ - გერმანიის ეკონომიკის მინისტრი GAZPROM Germania-ს სრულ ნაციონალიზაციას ითხოვდა, თუმცა ოლაფ შოლცი არ დათანხმდა და შეშფოთებული იყო, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა, პუტინის განრისხება გამოეწვია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი „გაზპრომის“ ყოფილი შვილობილის GAZPROM Germania-ს სრულ ნაციონალიზაციას ითხოვდა, თუმცა კანცლერი ოლაფ შოლცი ამ ინიციატივას არ დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა რესპონდენტებმა მათ ანონიმურად აცნობეს, რომ შოლცი შეშფოთებული იყო იმით, რომ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება, განარისხოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებული დაპირისპირების ესკალაცია გამოიწვიოს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ გერმანიის მთავრობა 10 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს „გაზპრომის“ ყოფილი შვილობილი გერმანული კომპანიის მხარდასაჭერად, რომელიც აპრილში ქვეყნის ენერგეტიკული მარეგულირებლის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ფინანსური დახმარების პირობების მიხედვით, კრედიტს სახელმწიფო ბანკი KfW გამოყოფს, კომპანიის სახელწოდება კი Gazprom Germania GmbH-დან Securing Energy for Europe GmbH-ით შეიცვლება.

როგორც აღინიშნა, კრედიტის მიზანია კომპანიის ფინანსების სტაბილიზაცია და გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეზღუდა გერმანიის ხელისუფლების მიერ Gazprom Germania-სა და მისი შვილობილი კომპანიების მართვის სახელმწიფო ენერგომარეგულირებლისთვის გადაცემის საპასუხოდ.

დატოვე კომენტარი