მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე ორი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს
მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე ორი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს

გასული ღამის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე ორი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს, ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყებიდან კი – ექვსის. კერძოდ, როგორც რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, 22 სექტემბრის ღამით კომისარიატების დაწვა სცადეს ამურის ოლქის ქალაქ სვობოდნიში და ასევე ხაბაროვსკში.

რუსული მედიის ცნობით, ხაბაროვსკში კომისარიატის შენობას უცნობმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, რის შედეგადაც ორ კაბინეტში ცეცხლი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე, სამხედრო კომისარიატების შენობების დაწვა სცადეს პეტერბურგში, ორენბურგის ოლქში, ასევე იმიერბაიკალეთის მხარეში.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინის მერიაში, ასევე ალტაის ერთ-ერთი სოფლის კულტურის სახლში, სადაც ადგილობრივი საბჭოს ადმინისტრაციაა განთავსებული.