მედიის ცნობით, ფაშინიანმა პუტინს განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანს ვერ აკონტროლებენ
მედიის ცნობით, ფაშინიანმა პუტინს განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანს ვერ აკონტროლებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობო კონტიგენტი ლაჩინის დერეფანს ვერ აკონტროლებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ოცი დღეა, რაც ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია და მთიან ყარაბაღში ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით (2020 წლის ნოემბერი) ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ კი ლაჩინის დერეფანში მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების გარანტია გასცა. ახლა ირკვევა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.