ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულებისა თუ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ე.წ. მწვანე ზონაში მოხდა, სადაც სამთავრობო დაწესებულებები და დიპლომატიური შენობები მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზეა განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაციამ გამოიწვია. 3 იანვარს, დილის საათებში ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაიერიში განხორციელდა, რა დროსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი, ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. საჰაერო შეტევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ევროპული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, ერაყში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.