მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და კატარის ემირმა შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მცდელობები „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველსაყოფად
მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და კატარის ემირმა შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მცდელობები „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კაიროს შემდეგ კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა. ბლინკენი უკვე შეხვდა კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის, ასევე, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

როგორც „სიენენი“ წერს, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და კატარის ემირმა შეხვედრაზე განიხილეს „მიმდინარე მცდელობები „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველსაყოფად“.

„მდივანი ბლინკენი და ემირი შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო კოორდინაცია ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მიზნით“, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელელებისა და პალესტინელების უსაფრთხოებას.

ეს ენტონი ბლინკენის მეხუთე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.

კაიროში ვიზიტისას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა. როგორც მედია წერს, შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ.