მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა მორიგ სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა
მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა მორიგ სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, მორიგ სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა კონკრეტული ზომების მიღება მარიუპოლის ალყის მოხსნისთვის, ჰუმანიტარული წვდომის გახსნა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა – ამის შესახებ უკრაინული მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, სატელეფონო საუბარში, რომელიც ერთ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა.

მედიის ინფორმაციით, კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, პუტინმა მაკრონს აცნობა „უამრავი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიან უკრაინელი სამხედროები და ნაციონალისტები, განსაკუთრებით დონბასის რეგიონის ქალაქების მასიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისას“.