მედიის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსმა გასულ კვირას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საიდუმლო შეხვედრა გამართა
დონალდ ტრამპ უმცროსმა, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას Middle East Eye რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა სტამბოლში დაუანონსებელი ვიზიტის ფარგლებში შედგა.
გამოცემა ასევე წერს, რომ „გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები“, სავარაუდოდ, ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ერდოღანთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა, რომ ტრამპ უმცროსი გასულ კვირას ერდოღანს მართლაც შეხვდა, თუმცა ეს მხოლოდ „თავაზიანი ვიზიტი“ იყო და ღაზის საკითხის ან სხვა კონკრეტული თემების ოფიციალური განხილვა არ მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპ უმცროსს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, მედიის ცნობით, თეთრ სახლში ის „გავლენიან“ პიროვნებად მიიჩნევა.
ცნობისთვის, მაისში აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა განაცხადა, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატიც კი გახდეს, რადგან მას ამისკენ „მოწოდება“ აქვს.