მედიის ცნობით, ჩინეთმა ტაივანის სრუტის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში სამდღიანი სპეციალური საპატრულო ოპერაცია დაიწყო, რაზეც ტაივანი პროტესტს აცხადებს
მედიის ცნობით, ჩინეთმა ტაივანის სრუტის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში სამდღიანი სპეციალური საპატრულო ოპერაცია დაიწყო, რაზეც ტაივანი პროტესტს აცხადებს

ჩინეთის ფუძიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ტაივანის სრუტის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში სამდღიანი სპეციალური საპატრულო ოპერაცია დაიწყო, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი აშშ-ის პალატის სპიკერს, კევინ მაკარტის შეხვდა.

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, ოპერაცია ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემების ადგილზე ინსპექტირებას მოიცავს.

ამასთან, ტაივანის სატრანსპორტო სამინისტროს საზღვაო და პორტების ბიუროს განცხადებით, ჩინეთის ამ ნაბიჯის გამო ტაივანი პროტესტს აცხადებს. გავრცელებულ მიმართვაში ტაივანი გადაზიდვის შესაბამის ოპერატორებს მოუწოდებს, რომ თუ ჩინეთი მოთხოვნებს წამოაყენებს, დაუყოვნებლიც აცნობონ ტაივანის სანაპირო დაცვას.

„ჩინეთის მხარე თუ დაჟინებით მოითხოვს ამ ცალმხრივი ქმედებების განხორციელებას, ეს ხელს შეუშლის ორ მხარეს შორის ნორმალურ ურთიერთობებს. ჩვენ იძულებული ვიქნებით, მივიღოთ შესაბამისი ზომები“, – აღნიშნულია ტაივანის სატრანსპორტო სამინისტროს საზღვაო და პორტების ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.