მედიის ცნობით, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა
მედიის ცნობით, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა

ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ტაივანი შეჭრის საწინააღმდეგო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ აღნიშნულია „დოიჩე ველეს“ სტატიაში.

მასალის მიხედვით, ტაივანში აცხადებენ, რომ ჩინეთმა კუნძულის მიმართულებით 37 სამხედრო თვითმფრინავი და შვიდი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. მათ შორის არის J-10-ისა და J-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებლები, ასევე H-6-ის ტიპის ბომბდამშენები.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ ამ საბრძოლო თვითმფრინავებიდან 22 შევიდა კუნძულის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში და გადაკვეთა ტაივანის სრუტის შუა ხაზი, რომელიც არის არაოფიციალური საზღვარი ჩინეთსა და ტაივანს შორის.

ჩინეთსა და ტაივანს შორის ღრმა განხეთქილება იწყება 1949 წლის სამოქალაქო ომით, რომელიც დასრულდა კომუნისტური პარტიის მიერ მატერიკულ ჩინეთზე კონტროლის აღებით. პეკინი ტაივანს კონტინენტური ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.

პეკინმა გააძლიერა ძალისხმევა ტაივანის იზოლაციისთვის მას შემდეგ, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი 2022 წლის აგვისტოში ტაივანს ეწვია. აპრილში, ტაივანის ლიდერის, ცაი ინგ-ვენისა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, კევინ მაკ’კარტის შეხვედრის საპასუხოდ, ჩინეთის არმიამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები კუნძულის გარშემო.