მედიის ცნობით, ბრაზილიის მკვიდრი ტომის წარმომადგენელი კორონავირუსით გარდაიცვალა
მედიის ცნობით, ბრაზილიის მკვიდრი ტომის წარმომადგენელი კორონავირუსით გარდაიცვალა

​ბრაზილიაში კორონავირუსით მკვიდრი ტომის ერთ-ერთი წარმომადგენელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაიცვალა მოზარდი იანომამის ტომიდან. მოზარდის გარდაცვალებამ გააჩინა საფრთხე, რომ კორონავირუსის ეპიდემია შესაძლოა, ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ უდიდეს მკვიდრ ტომში გავრცელდეს.

15 წლის მოზარდი რორაიმას შტატის, ქალაქ ბოა-ვისტას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.

ანთროპოლოგები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელებამ ბრაზილიის მკვიდრ მოსახლეობაზე შესაძლოა, გამანადგურებელი ზეგავლენა იქონიოს, რადგან ისინი მოწყვლადები არიან გარე დაავადებების წინაშე და მათ სოფლებში ცხოვრების წესი სოციალურ დისტანცირებას გამორიცხავს. ბრაზილიაში, ძირითადად ამაზონის ტყეში მკვიდრი 300-მდე ტომის 850 ათასი წარმომადგენელი ცხოვრობს.

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, ვენესუელის საზღვართან რეზერვაციაში იანომამის ტომის 26 ათასი წარმომადგენელი ცხოვრობს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გარდაცვლილი ბიჭის სოფელში იზოლაციაში მოათავსეს კორონავირუსის სიმპტომების მქონე მცხოვრებლები და ჩაიტანეს ტესტები.

ბრაზილიაში კორონავირუსით 20 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 173, ხოლო გარდაიცვალა 1 074 პირი.